პატრიარქი: ახალგაზრდები შემომეხვივნენ გარშემო, სროლა თუ იქნებოდა მე რომ არ მომხვედროდა

2019-04-09 15:41:41

საშიშროების წინაშე ჩვენი ხალხი ერთიანდება. ეს თვისება ქართველ ადამიანს ახასიათებს. ჩვენმა ხალხმა მტერს აჩვენა, რომ მტრულად არ ვიყავით განწყობილი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ 9 აპრილის ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

პატრიარქის თქმით, 9 აპრილის ღამე იყო თავისუფლებისთვის მზადყოფნა და იმ ღამეს რუსთაველის გამზირზე მდგომ ადამიანებს გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდნენ.

„ძალიან ძნელია გახსენება იმ ღამისა, რაც მოხდა რუსთაველზე. ჩემთან შუაღამის დროს მოვიდნენ და მითხრეს, რომ საშიშროება ელოდებოდა საქართველოს. მთხოვეს, რომ წავსულიყავი და მიმემართა ხალხისთვის. ძალიან მიჭირდა. გრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა. მოვუწოდე, შესულიყვნენ ქაშვეთში. წინასწარ ვგრძნობდი, რომ უარს მეტყოდნენ, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ხალხს რაც დაემართება, მეც მზად ვიყავი ვყოფილიყავი ჩვენ ხალხთან ერთად. როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა და მერე დაიყვირეს - არა . ეს იყო მზადყოფნა, ხალხი გრძნობდა, რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდა და წამოვიდა ტანკები, მაგრამ ახალგაზრდები შემომეხვივნენ გარშემო, მე გულიც მომივიდა, რატომ დამიდგენ წინ. ისინი დადგნენ იმისთვის, რომ სროლა თუ იქნებოდა, დაცვა ყოფილიყო, მე რომ არ მომხვედროდა“, - განაცხადა პატრიარქმა.

"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, დავინახოთ მომავალი. უნდა გავითვალისწინოთ, ვის ვებრძვით. უნდა ვიცოდეთ, რომ მტერი არ დაგინდობს, მეტი სიბრძნე გვმართებს. ეს იყო საოცარი თავდადება, ეს იყო ბრძოლა მომავლისათვის, მომავალი თავისუფლებისთვის. არ უნდა დაგვჭირდეს ამდენი მსხვერპლი გაერთიანებისათვის. ჩვენ მუდამ ერთიანი უნდა ვიყოთ. ასეთი ბედი გვაქვს. ქართველი ადამიანი თავის თავს ადვილად სწირავს სამშობლოსთვის, მეგობრებისთვის...

ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ. მოსმენის კულტურა გვაკლია, ესეც ქართველი ადამიანის თვისებაა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება სხვა ადამიანმა ჩემზე უკეთესი თქვას," - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.