საინფორმაციო ტური ქვემო ქართლში

2019-04-06 14:59:36

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინიციატივითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის, თეთრიწყაროსა და მარნეულში, საინფორმაციო ტური გაიმართა, რომლის მონაწილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სტუმრებმა, უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი სამშვილდე მოინახულეს და გაეცნენ არქეოლოგიური ექსპედიციის კვლევის შედეგებს, რომლის შესახებ, არქეოლოგმა და პროფესორმა დავით ბერიკაშვილმა ისაუბრა.

საინფორმაციო ტურის მონაწილეებმა, სოფელ ასურეთში არსებული გერმანული მემკვიდრეობა და საოჯახო მარნები დაათვალიერეს, ასევე გაეცნენ ადგილობრივი ღვინის - „შალას“ წარმოებისა და შენახვის ტექნოლოგიებს, სტუმრობდნენ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ, საოჯახო ტიპის სასტუმროებს და კვების ობიექტებს.
ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, დღის განმავლობაში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, იმირის გადაჭრილ გორაზე იმყოფებოდნენ, სადაც არქეოლოგიური კვლევის შედეგად მოპოვებული, ძველი წელთაღრიცხვით VI ათასწლეულით დათარიღებული, არტეფაქტებით დადასტურდა, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. ასევე გაეცნენ XXI საუკუნის ძეგლს „გაგის ციხეს“, მის მრავალწლოვან ისტორიასა და ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურას.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, საინფორმაციო ტური, პირველად, 16 მარტს, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა და ღონისძიების მიზანს რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მაქსიმალური ხელშეწყობა წარმოადგენს.

ინფორმაციას ქვემო ქართლის მხარე ავრცელებს.