როდის დაიწყება სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია

2019-04-06 13:01:00

პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი, 2019 წლის 2 მაისიდან – 17 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები: რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია (მშობელი და არა ბებია ან ბაბუა); რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია:

III ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია – 2019 წლის 21 მაისიდან დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დოკუმენტაციის წარდგენა  13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს  აკმაყოფილებს. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან პირველ და მეორე ეტაპზე. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge ელექტრონულად. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი:

IV ეტაპი ანუ, გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 2019 წლის 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით სკოლაში განხორციელდება. ამ ეტაპზე განთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია განხორციელდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლის შემდეგ სასურველ სკოლაში მშობლებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
2. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები

შეგახსენებთ, რომ პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 5 აპრილს დასრულდა. რეგისტრაცია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებმა გაიარეს.