"ბიბლიურმა თავისუფლებამ" წვევამდელები გაათავისუფლა

2019-04-09 10:59:20

სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა მიმდინარეობს.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ თათარაძის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, რუსთავიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურში 97 ახალგაზრდა გაიწვიეს, სამხედრო სამსახურისგან კი გათავისუფლდა 369 წვევამდელი, რომელთაც გადავადება სხვადასხვა მიზეზის საფუძველზე გაუკეთდათ.

აღსანიშნავია, რომ სამხედრო სამსახურისგან 369 ახალგაზრდიდან, 42 პირი რელიგიური ორგანიზაციის წევრობის გამო გათავისუფლდა.

როგორც მიხეილ თათარაძემ აღნიშნა, რელიგიური ნიშნით გათავისუფლებული 42 წვევამდელი, ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების" წევრები არიან.

შეგახსენებთ, ბიბლიური თავისუფლება პოლიტიკური პარტია "გირჩის" მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც პარტიამ ჯარში წასვლის სურვილის არ მქონე ახალგაზრდების დასახმარებლად შექმნა. "ბიბლიური თავისუფლება" სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ და მიზანსაც აღწევენ.

"გირჩის" ლიდერის მთავარი დაპირება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზურა ჯაფარიძე ქვეყნის პრეზიდენტი ვერ გახდა, ის მაინც ახერხებს დაეხმაროს ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯარში წასვლა არ სურთ.

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.

საგაზაფხულო გაწვევა 1 თებერვალს დაიწყო და 29 ივნისს დასრულდება.

 


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები