რუსთაველი ახალგაზრდების საქმე [video]

2019-03-29 21:23:30

რუსთავის საქალაქო სასამართლომ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებული 3 რუსთაველი ახალგაზრდა მამაკაცი დამნაშავედ სცნო. [ვიდეო/video]

საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში დღეს გაიმართა.

მოსამართლე ნატა თედეშვილმა დავით თხელიძე, გოდერძი მახარაშვილი და ჯემალი დემეტრაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს, დამნაშავედ სცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 1000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა სხდომათა დარბაზში. ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარისთვის გაუგებარია მოსამართლის განაჩენი და ისინი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციის სასამართლოში აუცილებლად გაასაჩივრებენ.

როგორც სხდომის განმავლობაში და ასევე მედიასთან საუბარში ბრალდებულები და მათი ახლობლები აცხადებდნენ, პოლიციელების მხრიდან დაკავებულების მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რასაც მოჰყვა საპასუხო რეაქცია დავით თხელიძის, გოდერძი მახარაშვილისა და ჯემალი დემეტრაშვილის მხრიდან. მათი თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკვე მიმართეს გენერალურ ინსპექციას. საწინააღმდეგოს აცხადებდა პოლიცია, შსს-ს თანამშრომლები სასამართლოს სხდომაზე ამტკიცებდნენ რომ დაკავებულებმა პოლიციელებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და წინააღმდეგობა გაუწიეს.

შეგახსენებთ რომ შემთხვევა 24 მარტს რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები