2026-11-01 13:31:20
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა 31 ოქტომბერს ექსტრემალურ ავტოსპორტულ ღონისძიებას „სასიკვდილო რბოლა 2“-ს უმასპინძლა.
ღონისძიებამ ავტომობილების მოყვარულები და ადრენალინის მოყვარული მაყურებლები გააერთიანა.
შეჯიბრში სპეციალურად მომზადებული ავტომობილებით ერთმანეთს ცნობილი ქართველი იუთუბერები დაუპირისპირდნენ. ღონისძიების პროგრამა მხოლოდ ავტორბოლით არ შემოიფარგლებოდა, მაყურებელს ასევე ჰქონდა შესაძლებლობა ენახა დრიფტის შოუ, ექსტრემალური მოტო-შოუ და ცეცხლოვანი წარმოდგენა.
ღონისძიება რამდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი. თავდაპირველად გაიმართა მონაწილეების წარდგენა, რასაც საკვალიფიკაციო ეტაპი და მთავარი ფინალური რბოლა მოჰყვა.
რბოლაში რუსთაველი ახალგაზრდა, ზურა კაპანაძე მონაწილეობდა რომელმაც ფინალშიც მიიღო მონაწილეობა.
"ეს სპორტი ეხლა და ეხლა ვითარდება საქართველოში. ეს იყო უკვე მეორე შეჯიბრი. მე ორივე რბოლაში მივიღე მონაწილეობა. ვფიქრობ რომ წარმატებული იქნება. მთავარია გადავრჩით ყველა",- განაცხადა ზურა კაპანაძემ "ინფო რუსთავთან" საუბრისას.
„სასიკვდილო რბოლა“ საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა. მეორე ღონისძიების გამარჯვებული ზაქარია ვასაძე გახდა რომელმაც 10 000 ლარი მოიგო.