მძღოლებს ნარკოტესტირების მიზნით პატრული ადგილზე ნერწყვითაც შეამოწმებს

2019-03-28 00:17:14

1 აპრილიდან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა კრიმინალიზებული ხდება. მძღოლებს ნარკოტესტირების მიზნით ნერწყვის მეშვეობითაც შეამოწმებენ, - არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ნერწყვის მეშვეობით ნარკოტიკული თრობის დასადგენი ტესტები" უკვე შეიძინა.

პორტატული ნარკოტესტეტი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას ნერწყვის საშუალებით ადგენს.

ნერწყვის საშუალებით გამოავლენენ შემდეგი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების კვალს: მარიხუანის, ამფეტამინის ჯგუფის, მეტამფეტამინის (მათ შორის ექსტაზის), კოკაინის, ოპიატების (მორფის, ჰეროინის);

ტესტის ძირითად მახასიათებლებში ვკითხულობთ, რომ ნერწყვის შეგროვებისათვის საჭირო დრო 3 წამი იქნება; რეზულტატი წაიკითხება დამატებითი მოწყობილობების გარეშე; სინჯის ბალიშზე საკმარისი ნერწყვის მოთავსებისას ვიზუალური ჩვენებისთვის შეიცვლის ფერს - წითლიდან ყვითელში;

მარიხუანის შემთხვევაში ტესტი ავლენს ყველა იმ შემთხვევას, როცა ნარკოტიკული საშუალება მიღებულია 8 საათის განმავლობაში; მათი თქმით, ტესტი ავლენს ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების უმნიშვნელო კვალსაც კი.

აღსანიშნავია, რომ 1 აპრილიდან, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა დაისჯება ჯარიმით ანდა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისას უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესი დაირღვა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, ქმედება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან  5 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობის შემთხვევაში, სანქციები კიდევ უფრო მკაცრდება.