თბილისში 1 ტონამდე ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს, რომელიც დაილუქა და განადგურდება, ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში დარღვევები გამოავლინეს. კერძოდ, ორ ბიზნესოპერატორთან - შპს „დადუსა“ და „შპს „ინა“-ში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, შპს „ნიკორადან“ (აღნიშნულ შპს-ს არავითარი კავშირი არ აქვს მაღაზიათა ქსელ „ნიკორასთან“) ამოღებულია 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი, შპს „მიროში“ აღმოჩენილია საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.
აღნიშნული ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად, 1 ტონამდე ხორცი დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება",- ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.