საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მარნეულში მთავრობის მეთაურთან ერთად დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
"გილოცავთ მეგობრებო დღევანდელ დღეს. ნოვრუზ ბაირამ მუბარეკ ოლსუნ. გილოცავთ გაზაფხულისა და ახალი სიცოცხლის შემობრძანებას ჩვენს ოჯახებში. ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, ქვეყანაში, რომლის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ისტორია ძმობისა, სიყვარულისა და ერთობისა. საქართველოს სიძლიერე მუდამ იყო მის მრავალფეროვნებაში, იმაში, რომ ჩვენ, საქართველოს შვილები ერთად, გვერდიგვერდ, მუხლჩაუხრელად ვშრომობდით ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის, საერთო სამშობლოს წინსვლისთვის. ეს დიდი სიყვარული და ძმობა უპირობოდ უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს. ძალიან მიხარია, რომ დღესასწაულს ესწრებიან ჩვენი მეგობრები აზერბაიჯანიდან. მინდა, ჩვენს დებსა და ძმებს აზერბაიჯანშიც მივულოცო ნოვრუზ ბაირამი და მათ ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ მინისტრი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში სპორტულ ღონისძიებებს დაესწრო და გაეცნო მუნიციპალურ სტენდებს.
გაზაფხულის შემობრძანების დღესასწაული მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ასევე მიულოცა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.