მოსახლეობის 73% მიიჩნევს, რომ კერძო რეპეტიტორი აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. ამის შესახებ ორგანიზაცია PMCG-ის კვლევის შედეგებშია ნათქვამი. აღნიშნული შედეგი 2018 წელს ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ კერძო რეპეტიტორის პრაქტიკა არ უკავშირდება მხოლოდ ეროვნულ თუ საატესტატო გამოცდებს.
გამოკითხვაში მოსახლეობის 58% აღნიშნავს, რომ კერძო რეპეტიტორი აუცილებელია სკოლის საატესტატო გამოცდების ჩაბარებისთვის, 47%-ისთვის კი რეპეტიტორი საჭიროა სკოლაში წარმატების მისაღწევად.
რეალობა, რომ რეპეტიტორებზე ხელმისაწვდომობა განსხვავდება ოჯახის შემოსავლის მიხედვით და ყველა ასაკობრივ ჯგუფში მაღალი ეკონომიკური შემოსავლის მქონე ოჯახების მოსწავლეებს შორის უფრო გავრცელებულია რეპეტიტორობის პრაქტიკა, დაადასტურა კვლევი შედეგებმაც.
მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახებში მე-12 კლასელთა 87%- ს ჰყავს რეპეტიტორი მაშინ, როცა დაბალ სოციოეკონომიკურ ჯგუფში შესაბამისი მაჩვენებელი 37%-ია. რეპეტიტორობის საკითხზე კვლევის მიხედვით, მოსწავლეებს, ჩვეულებრივ, 1-დან 5-მდე საგანში ჰყავთ რეპეტიტორი და ფასები თბილისში 100-დან 200 ლარამდე მერყეობს, დანარჩენ საქართველოში კი - 50-დან 150 ლარამდე. უხეში გამოთვლებით, თბილისში ერთი მოსწავლისთვის რეპეტიტორი ოჯახს თვეში 100-1000 ლარი უჯდება, რეგიონებში კი - 50-750 ლარი.
"ინფო რუსთავის" მონაცემები, კონკრეტულად რუსთავის "სარეპეტიტორო ბაზარზე" არსებული ფასების შესახებ, ემთხვევა კვლევის მონაცემებს, რომელშიც თბილისსა და დანარჩენ საქართველოში ბავშვის კერძო რეპეტიტორთან მომზადების საშუალო ღირებულებაა ასახული.
იმ აზრზე, რომ მოსწავლეები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად, გამოცდების ჩასაბარებლად და სკოლაშიც წარმატების მისაღწევად, კერძო რეპეტიტორების დახმარებასაც საჭიროებენ, რუსთავში მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების გარკვეული ნაწილიც ჯერდება.
მათი თქმით, სწორედ სკოლის გაძლიერების ხარჯზე რეპეტიტორის ინსტიტუტის ჩანაცვლებას ემსახურება საატესტატო გამოცდების გაუქმება და ასევე ეროვნული გამოცდების სავალდებულო გამოცდათა ნუსხიდან ზოგადი უნარების გამოცდის ამოღება, რომელიც როგორც საგანი, სკოლაში არ ისწავლება.