დაკავებული ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელია

2019-03-19 11:18:44

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქალაქ თბილისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მის მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადებები, რომლის თანახმად, თითქოსდა ერთ-ერთ კომპანიას 200 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა მიაწოდა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით.