"გამოცდებზე გასვლის შანსი მეტ ადამიანს მიეცა"

2019-03-13 13:52:58

2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის შანსი უფრო მეტ ადამიანს მიეცა, ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ისაუბრა. მისი თქმით, რეგისტრაციის პროცესში ატესტატის ქონა არ იქნება სავალდებულო და აბიტურიენტებს ის მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ დასჭირდებათ.

საუბარია გასულ წლებში საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილ პირებზე, ვინც სკოლის დასრულება შეძლო და რომელთაც გამოცდების გაუქმების შემდეგ ატესტატი უპრობლემოდ მიეცემათ და სწორედ ამიტომ, შანსი აქვთ, უმაღლესში მისაღებ გამოცდებზეც გავიდნენ.

„დარეგისტრირებული აბიტურიენტების რიცხვი ჯერ არ გვაქვს. წელს ველოდებით, რომ სავარაუდოდ, უფრო მეტი აბიტურიენტი იქნება დარეგისტრირებული, შანსი წელს უფრო მეტ ადამიანს მიეცა, ვიდრე გასულ წლებში. წლების მანძილზე, ის ადამიანები, რომლებიც თუნდაც ერთ საგანში ჩაიჭრა “კატ”-ის გამოცდაში, მიუხედავად იმისა, რომ დაძლეული ჰქონდა ეროვნული სასწავლო გეგმა, ვერ ახერხებდა გასვლას ეროვნულ გამოცდებზე.

„რეგისტრაციის მომენტში ატესტატის ქონა, რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის, მაგრამ შემდეგ აუცილებლად დასჭირდებათ. ანუ ეს მათ ხელს არ შეუშლის რეგისტრაციაში. ასევე, მოვუწოდებ, რომ  ბოლო დღემდე არ მიიყვანონ რეგისტრაციის პროცესი, რაიმე პრობლემა რომ არ წამოიჭრას“, – აცხადებს სოფო გორგოძე.

რაც შეეხება პროცედურებს, რომელთა გავლაც სჭირდებათ ატესტატის მისაღებად გასულ წლებში ჩაჭრილებს და მოსწავლის სტატუსის არმქონე პირებს.

CAT-ის საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილი ახალგაზრდები, რომელთაც საშუალო საფეხური დაძლეული აქვთ (მიიღეს დამაკმაყოფილებელი ნიშნები მე-11 და მე-12 კლასის ბოლოს) ატესტატების აღებას იუსტიციის სახლებში და სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ფილიალებში შეძლებენ. არსებული ინფორმაციით, ეს მოხდება მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი საატესტატო გამოცდების გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს დაამტკიცებს. ატესტატის არმქონე პირმა უნდა მიაკითხოს უშუალოდ ზემოხსენებულ დაწესებულებებს.

ატესტატის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომლებსაც ეროვნული სასწავლო გეგმა დაძლეულად ეთვლებათ, ანუ ყველა საგანში შეფასების სახით მიღებული აქვთ 5, ან მეტი ქულა. ხოლო იმ ადამიანებს, რომლებსაც საკმარისი ქულები არ აქვთ, კომპეტენციის დადასტურება ექსტერნის გამოცდით, ან მოსწავლის სტატუსის აღდგენის შემდეგ შეეძლებათ. საინტერესოა ისიც, რომ თუ ადამიანმა სკოლაში 12 წელი ისწავლა, საშუალო საფეხური ვერ დაძლია და ატესტატის მიღების მიზნით, მოსწავლის სტატუსი უნდა აღიდგინოს, ამ შემთხვევაში, სკოლაში სწავლის დაფინანსება პირადი ხარჯებიდან მოუწევს. ჩვეულებრივ შემთხვევაში მოსწავლის განათლებას სკოლაში სახელმწიფო ვაუჩერული პრინციპით აფინანსებს.

სტატუსის აღდგენისას, მოსწავლე იმავე სკოლას მიმართავს, სადაც სწავლობდა.

რაც შეეხება ატესტატებს, თუ საშუალო საფეხური დაძლეული აქვს, გამოცდებში ჩაჭრილ პირს შეუძლია სერვისების განვითარების სააგენტოს ან იუსტიციის სახლს მიმართოს, მას სკოლაში რაიმე დამდასტურებელი ცნობის აღება არ დასჭირდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ატესტატს გასცემს სერვისების განვითარების სააგენტო კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედების შემდეგ.