"ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების", - ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მამუკა ხაზარაძის ბრალდებას, მისი მხრიდან ხაზარაძისთვის მუქარის შემცველი წერილის გაგზავნის შესახებ.
"მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები და პირში ყველას. მათ შორის იმ ხალხს ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. ბიზნესში პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ყველას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც ვალდებულებებზე, ისე სიტყვებზე", - აცხადებს გიორგი გახარია.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მან არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო წერილი ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც პირდაპირი მუქარით ეუბნებოდა, რომ რეპუტაციას დაუნგრევდა.
როგორც ხაზარაძემ მოგვიანებით დააკონკრეტა, აღნიშნული წერილი მან შს მინისტრის, გიორგი გახარიასგან მიიღო.