იკლო თუ არა გრიპის ვირუსის გავრცელებამ

2019-03-06 10:06:17

"გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში ვითარება დამშვიდდა" - ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "ინფო რუსთავთან" საუბრისას გააკეთა.

თუმცა, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ გრიპის გავრცელების მაჩვენებელმა ქვეყანაში მნიშვნელოვნად იკლო, გრიპის სეზონი ჯერ არ დასრულებულა და მოსახლეობამ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

"გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ჩამოვიდა 100-ზე, ასევე ქვეყანაში შემცირებულია ჰოსპიტალიზაციის და სასწრაფოს გამოძახების მაჩვენებელი, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია დამშვიდდა, მაინც ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ გრიპის სეზონი ჩვენთან გრძელდება მე-20 კვირამდე, ანუ დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებამდე, ასე რომ, ჰიგიენური ღონისძიებები აუცილებლად უნდა იქნას დაცული. ასევე, თუ იწყება მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, ანუ გრიპის სიმპტომები, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ კონსულტაცია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ამ სეზონზე გრიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 650 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან კი 80-85% H1N1 იყო.