როგორ უნდა შეამოწმოთ თქვენი დანაზოგი

2019-02-27 16:35:13

2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა.

როგორც საპენსიო სააგენტოს „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სქემაში ავტომატურად ჩაერთო ყველა დასაქმებული, მათ გარდა, ვისაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა - 60 წელი მამაკაცებს და 55 წელი - ქალებს. სისტემის თანახმად, დასაქმებულის, მისი დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის დაუბეგრავი ხელფასის 2-2-2%-ს რიცხავს მოქალაქის (დასაქმებულის) პირად საპენსიო ანგარიშზე.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე საკუთარი ანგარიშის შემოწმება ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ამისთვის კი, უნდა ეწვიოთ, საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდს www.pensions.ge დააჭირეთ ღილაკს - „სააგენტოს სისტემაში შესვლა“ და კურსორის მეშვეობით ახალ გვერდზე გადახვალთ, სადაც მომხმარებლის პირად ნომერს და პაროლს შეიყვანთ.

მომხმარებლის და პაროლის ველში უნდა ჩაწეროთ იმ კომპანიის/ორგანიზაციის ბუღალტერი, სადაც თქვენ მუშაობთ, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვის შემდეგ გადმოგცემთ მომხმარებლის დროებით პაროლს. სისტემაში შესვლისთანავე აუცილებელია პაროლის შეცვლა.

მას შემდეგ, რაც თქვენი დამსაქმებელი საპენსიო სააგენტოს ანგარიშზე გადმორიცხავს საპენსიო დანაზოგს და მიუთითებს თქვენს სახელსა და გვარს, საპენსიო სააგენტოში თქვენთვის გაიხსნება პირადი საპენსიო ანგარიში.

თუ თქვენ რამდენიმე ადგილას მუშაობთ და მონაწილეობთ საპენსიო სქემაში, თითოეული დამსაქმებელი საპენსიო შენატანის ჩარიცხვის შემდეგ გაწვდით ერთჯერად პაროლს. შემდეგ, შედიხართ საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში, თქვენს პერსონალურ ანგარიშზე, სადაც სრულ ინფორმაციას იღებთ თქვენი დანაზოგის შესახებ.
პირადი საპენსიო ანგარიშის შემოწმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი სიხშირით.