გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვმა ისევ იმატა.
თუმცა, როგორც გერმანიის საელჩოში აცხადებენ, შანსი იმისა, რომ ვინმე ამ განაცხადზე თანხმობას მიიღებს, თითქმის ნულის ტოლია.
როგორც საელჩოში აღნიშნავენ, ვიზების ლიბერალიზაციის შემდეგ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გასული წლის დასაწყისში გასამმაგდა, რაც უვიზო რეჟიმს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.
"გასულ წელს, ზუსტად იმ პერიოდში, როცა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო, უვიზო რეჟიმი საფრთხის ქვეშ დადგა, რადგან გერმანიისთვის უკვე მიუღებელი იყო, რომ ხალხს უვიზო რეჟიმი ამ მიზნებისთვის გამოეყენებინა. მაშინ ჩვენ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა დავიწყეთ. საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ძალიან კარგად თანამშრომლობს. თანამშრომლობის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ ეს რიცხვი შემცირდა.
ამ წლის იანვარში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა ისევ იმატა. როგორც აღვნიშნე, შანსი იმისა, რომ ვინმე ამ განაცხადზე თანხმობას მიიღებს, თითქმის ნულის ტოლია. ვინც 2018 წელს ითხოვდა თავშესაფარს, მათგან თანხმობა მხოლოდ 0,2%-მა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა შემთხვევა ცალ-ცალკე განიხილებოდა. მე მოველი, რომ წელსაც თანხმობათა რაოდენობა ისეთივე დაბალი იქნება, როგორც გასულ წელს“, - განაცხადა საქართველოში გერმანიის საელჩოს ეკონომიკისა და სამართლის განყოფილების უფროსმა იან ბითნერმა.
2018 დეკემბრის მონაცემებით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 303, ხოლო იანვარში 534 იყო. ამასთან, გასულ წელს, გერმანიის ფედერაციისგან თავშესაფრის სტატუსი სულ 4 265-მა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა, საიდანაც დადებითი პასუხი მხოლოდ 0,2%-მა მიიღო.