კომპანია "მაგთიკომმა" 18 თბერვლიდან სატარიფო პოლიტიკა შეცვალა.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებით გახდა ცნობილი, "მაგთიკომის" აბონენტებისთვის ნომრის მომსახურების საფასური ამოქმედდა.
ნომრის მომსახურების საფასური 180 დღეზე 1 ლარს შეადგენს. აბონენტებს კი თანხა ნომრის ანგარიშიდან ავტომატურად უკვე ჩამოეჭრათ.
ცვლილება გულისხმობს, რომ აბონენტებს, რომლებსაც დადებითი ბალანსი არ აქვთ, ნომერი არ გაუუქმდეთ და მომსახურება შეუზღუდავად მიიღონ. ის აბონენტები კი, რომლებიც კეთილსინდისიერი გადამხდელები არიან, კომპანიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩნენ და ცვლილებებს აპროტესტებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით "ინფო რუსთავს" კომპანიაში განუცხადეს, რომ "მაგთიკომს" აბონენტებისთვის მომსახურების პირობების შეცვლის სრული უფლება აქვს.
"უკლებლივ ყველა აბონენტს იანვარში დაეგზავნა ესემესები და ეცნობა ცვლილებების შესახებ, რომელიც იყო დაგეგმილი. კომპანიას აქვს უფლება, რომ შეცვალოს მომსახურების პირობები, ეს წერია კიდეც ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელს აწერენ ნომრის შეძენისას. შესაბამისად, ისე, რომ ყველა აბონენტი კმაყოფილი იყოს, არ გამოდის, რადგან ყველას საკუთარი შეხედულება აქვს. ესაა ცვლილება, რომელიც ორგანიზაციამ შეიმუშავა სხვადასხვა ფაქტორზე დაყრდნობის შედეგად და ამ ორგანიზაციას ამის სრული უფლება ჰქონდა", - აცხადებენ კომპანიაში.