როდიდან ამოქმედდება ახალი რეგულაცია

2019-02-22 13:57:54

ნარკოტესტის გამოყენება, რომლითაც მძღოლის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ავტომანქანის მართვისას, ადგილზევე დადგინდება და ამისთვის მისი ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა საჭირო აღარ გახდება, 2019 წლის 1-ლი აპრილიდან დაინერგება.

საუბარია საქართველოში სპეციალური ტესტის შემოტანაზე, რომელიც ვიზუალურად დაახლოებით, ალკოტესტის მსგავსია და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაურიგდებათ. შსს-ში აცხადებენ, რომ ასეთი ტესტების საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანასთან აწარმოებენ.

საქართველოს პარლამენტმა 30 ნოემბერს მესამე მოსმენით დაამტკიცა შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების დაცვას ისახავს მიზნად.

ახალი კანონით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა, კერძოდ:

იკრძალება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე;
ნარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, მარიხუანას მოხმარება იკრძალება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის;

ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე სისხლის სამართლის დანაშაულია;
მარიხუანას მოხმარება აკრძალულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ასევე, კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის;

მარიხუანას მოხმარებისთვის ახალი კანონი ითვალისწინებს სამოქალაქო უფლებების, მათ შორის, გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას;

გაიზარდა სანქცია ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის;
სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ.

კანონპროექტით არ შეცვლილა მარიხუანას ფლობის და გასაღების შესახებ არსებული რეგულაცია.