"ქართული ოცნების" ერთერთმა დამფუძნებელმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ პარტიის დატოვების შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა:
„ძალიან რთული, ემოციური და საპასუხისმგებლო ის, რაც მინდა განვაცხადო. ძალიან რთულია ვთქვა, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. რთულია, ვთქვა, რომ მივდივარ სწორედ იმ პოლიტიკური გუნდიდან იმ დრომდე, ვიდრე არ განვმარტავ სად მივდივარ. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. სადაც ჯერ კიდევ არის იმედი, რომ ამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაჰყვება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ყოველი ოჯახისთვის და მოქალაქისთვის, თითოეული პიროვნებისთვის ყველაზე ღირებული რამ, სამართალი, სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა. ჩვენ ყველას ერთად, სრულიად საქართველოსთან ერთად 2012 წლის პირველი ოქტომბერი გვაქვს ბოლომდე მისაყვანი, ბოლომდე უნდა განვახორციელოთ ის იდეალები, რომლითაც პირველი ოქტომბერი მოვიდა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პარლამენტმა 21 თებერვალს მხარი არ დაუჭირა მისი და 8 დეპუტატის მიერ წარდგენილი ცვლილებების კანონპროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებდა.