ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ორი ფაქტი

2019-02-21 10:47:40

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ორი ფაქტი გამოავლინეს და ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ ბათუმში მდებარე ხორცის ნახევარფაბრიკატების საწარმოებში, ფალსიფიცირებულ - თვისობრიობა შეცვლილ ხორცპროდუქტებს აწარმოებდნენ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პროდუქტების შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს - მზა პროდუქტში დაბალი იყო ცხიმის, ცილის და ფარშის მასური წილის შემცველობა, ასევე ენერგეტიკული ღირებულება.

აღნიშნული კატეგორიის დანაშაულისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე ვადით.