რაში ადანაშაულებს "სიდას" თანამშრომელი

2019-02-15 14:47:51

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს თანამშრომელი, ლიკა კასრაძე ორგანიზაციას, სამსახურიდან მისი უსამართლოდ გათავისუფლებასა და სხვადასხვა დარღვევების წარმოებაში ადანაშაულებს.

როგორც ლიკა კასრაძე სოციალურ ქსელში წერს, მისი სამსახურიდან დათხოვის საკითხის კვლევის პერიოდში არაერთ დარღვევას შეხვდა.

ის ამბობს, რომ ორგანიზაციის საქაღალდეებში ინახებოდა მისი სახელით დადებული შრომითი ხელშეკრულებების რიგი, რომელებიდანაც მხოლოდ ერთზე აქვს ხელი მოწერილი. ასევე უზუსტობაა რეალურ ხელფასსა და შემოსავლების სამსახურისთვის ნაჩვენებ მონაცემებს შორის.

"შემოსავლების სამსახურში ფიქსირდება, რომ ორგანიზაცია სიდას ჩემთვის შრომის ანაზღაურების სახით თითქოს გადახდილი აქვს თანხა, რომელიც დაახლოებით 35 000 ლარით მეტია, ვიდრე ის თანხა, რომელიც მე სიდაში მუშაობისას რეალურად ხელფასის სახით მივიღე; ამას ადასტურებს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი და შესაბამისი ამონაწერი იმ ბანკიდან, სადაც ხელფასი მერიცხება"- წერს ლიკა კასრაძე სოციალურ ქსელში.

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი სალომე ზურაბისვილი ამბობს, რომ 2019 წლის იანვრის ბოლოს თანამშრომლის მომართვის საფუძველზე, დაფიქსირდა ფინანსური გადაცდომის რამდენიმე ფაქტი. მისი თქმით, მან აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე მოკვლევისა და გამოძიების ჩასატარებლად პროკურატურას მიმართა.

"აქვე ხაზგასმით დავძენ, რომ ორგანიზაციისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ფინანსური გადაცდომა. ჩვენ გვაქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა უპირველეს ყოვლისა საზოგადოებასთან, ბენეფიციარებთან, რომელთა უფლებებს ორგანიზაცია წლებია იცავს, ასევე დონორ ორგანიზაციებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან"- ამბობს ოფიციალურ განცხადებაში ორგანიზაციის ხელმძღვანელი სალომე ზურაბიშვილი.

აღსანიშნავია, რომ პროტესტის ნიშნად ორგანიზაციაში მუშაობა კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა შეწყვიტა.