"უნდა არსებობდეს დაბალი რისკის გამოცდა"

2019-02-11 15:26:50

მე-6 და მე-10 კლასებში შესაძლოა მოსწავლეების ცოდნა გამოცდით შეფასდეს. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განათლების ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც გორგოძემ აღნიშნა, უნდა არსებობდეს არა მაღალი რისკის გამოცდა, არამედ, დაბალი რისკის გამოცდა, რომელიც ბავშვის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

მაგალითად, გორგოძემ მე-10 კლასში გამოცდის საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოცდა ორიენტირებული უნდა იყოს ბავშვის განვითარებაზე და არა მის კლასში ჩატოვებაზე. რაც შეეხება მე-6 კლასში გამოცდების ჩატარების საჭიროებას, გორგოძის თქმით, მაგალითად, მე-6 კლასში უნდა შემოწმდეს, იცის თუ არა მოსწავლემ წერა-კითხვა.

გორგოძის თქმით, გამოცდები ცენტრალიზებულად ჩატარდება და სკოლას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.

"დაბალ საფეხურებზე უნდა ჩამოვიტანოთ გამოცდა და მე-10 კლასში გაცილებით მეტად უნდა გამოვცადოთ მოსწავლე, ვიდრე უნარების ტესტში მათემატიკა გამოიცდებოდა. მე-10 კლასში აუცილებლად იქნება გამოცდა",- განაცხადა გორგოძემ.