ჯარიმების რაოდენობა ცნობილია

2019-02-11 11:11:48

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა ადმინისტრაციული წესით დასჯადი იქნება.

ცვლილებები ამ მიმართულებით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის.

პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისის) ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით - დაჯარიმებას 2 - ათასი ლარით.

მოქმედი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" თანახმად, სახელმწიფოს საკუთრებაში, ასევე, თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უნებართვო დაკავება დაჯარიმებას იწვევს. თბილისის გარდა კი, სხვა მუნიციპალიტეტებს ამგვარ სამართალდარღვევებზე რეაგირებისა და ჯარიმების გამოყენების შესაძლებლობა არ აქვთ.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები დეპუტატებმა ზაზა გაბუნიამ, გიორგი კახიანმა, მერაბ ქვარაიამ და კობა ლურსმანაშვილმა მოამზადეს.