ავტოსაგზაო შემთხვევებზე რეგულირება მკაცრდება

2019-02-16 11:21:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევებზე რეგულირება მკაცრდება.

ცვლილებები გულისხმობს სიმთვრალეზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას. ასევე დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ვიდეოკამერით დაფიქსირებულ სიჩქარის გადაჭარბებაზე მართვის მოწმობაზე ქულების დაკლებაც მოხდება.

ცვლილებები აჩენს კითხვებს, თუ როგორ მოხდება ქულების ჩამოკლება, მითუმეტეს, იმ შემთხვევაში თუ ავტომობილის მფლობელს მანქანა სამართავად სხვა პირისთვის აქვს გადაცემული ან პირს, რომელზეც არის რეგისტრირებული ავტომობილი, მართვის მოწმობა საერთოდ არ აქვს.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა.

„ჩვენი მოთხოვნა თავიდანვე იყო, რომ ქულები კამერებთან მიბმული ყოფილიყო. რაც შეეხება ვიდეოჯარიმების შედეგად ქულების ჩამოკლებასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს, როგორც შს სამინისტროში გვითხრეს, თუ ავტომობილი გაფორმებულია ისეთი პირის სახელზე, რომელსაც მართვის მოწმობა არ აქვს, ის მაღალი ფულადი სანქციით დაჯარიმდება. პირობითად ეს შეიძლება იყოს 1 000 ლარიანი ჯარიმა. სანქცია იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ მფლობელს მისი გადახდა არ უღირდეს და ერჩივნოს, ვინც დარღვევის მომენტში მართავდა ავტომობილს, განცხადება დაწეროს და ქულა ჩამოიკლოს. მსგავსი რეგულაცია ერთი მხრივ იქნება საფუძველი, რომ მძღოლმა სამართალდარღვევა არ ჩაიდინოს და მეორეს მხრივ, გამოიწვევს, რომ ავტომობილი თავად იმ პირზე იყოს გაფორმებული, რომელიც მართავს მას. საბოლოოდ, სწორედ აქეთ მივდივართ,“-აღნიშნა ლალიაშვილმა.