ეკა ლალიაშვილი:"მოპედი დღეს უმართავი ტრანსპორტია"

2019-02-09 12:08:56

მოპედის სამართავად შესაძლოა, მართვის მოწმობა გახდეს სავალდებულო. ამის შესახებ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა ინფო რუსთავს განუცხადა.

"მოპედი დღეს უმართავი ტრანსპორტია. მზარდია მოპედის მონაწილეობით ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაც. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა შსს-მ ამ საკითხზე რეაგირება. ვფიქრობ მართვის მოწმობა უნდა იყოს საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი მოპედს მართავდეს", - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ლალიაშვილის ინფორმაციითვე, პარლამენტში წარდგენილი გეგმით, გახარიას უწყება 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე გაიტანს კანონპროექტს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევებზე რეგულირების გამკაცრებას გულისხმობს.

პროექტის თანახმად, ცვლილებები ითვალისწინებს ასევე პასუხისმგებლობის გამკაცრებას საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობისთვის, საგზაო-სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის.