შსს-მ 1 მამაკაცი დააკავა [video]

2019-02-07 22:28:47

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას განაგრძობს, რომლის მიზანია ქვეყანაში „ქურდული სამყაროსა“ და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრა. [ვიდეო/video]

2019 წლის 7 თებერვალს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლანჩხუთში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვისთვის, ასევე, მოქალაქეებისგან თანხის გამოძალვისთვის, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, ე.წ. ქურდული გარჩევის მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს - თენგიზ ხოფერიას მიმართა. ხოფერიას მიერ ვიდეოზარის მეშვეობით განხორციელებული „ქურდული გარჩევის“ შედეგად, ბრალდებულმა ლანჩხუთში მცხოვრებ 3 მოქალაქეს თანხა გამოსძალა.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი თენგიზ ხოფერია გასული წლის აგვისტოში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად არის მიცემული. სამართალდამცველებმა ბრალდებული გ.მ., ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლანჩხუთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის სახლის ჩხრეკისას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის და გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა-4 მუხლის 1-ლი და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გრძელდება.