სკოლაში 5 არასრულწლოვანი დანიშნულია

2019-02-08 10:45:02

ინფო რუსთავის მიერ გავრცელებულ მასალას, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყალაჯალარის სკოლაში განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა, სოციალური მომსახურების სააგენტო გამოეხმაურა.

ჩვენი ინფორმაციით, სკოლაში, რომლის 5 არასრულწლოვანი მოსწავლეც დანიშნულია, უკვე იმყოფებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები.

გარდა ამისა, როგორც ინფო რუსთავთან საუბრისას გარდაბნის სოციალური სამსახურის თანამშრომელმა, ნანი დუჩიძემ განაცხადა, საქმესთან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია სამართალდამცავი ორგანოც. მისი თქმით, სოფელ ყალაჯალარის სკოლიდან 5 არასრულწლოვანი გოგოა დანიშნული, მათი ასაკი 14 დან 16 წლამდეა.

"დირექტორი ფიქრობს, რომ მოძებნოს რაიმე საშუალება მათ თემში ნაადრევი ქორწინებების შესამცირებლად. მაგალითისათვის, ის ფიქრობს დაუკავშირდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამ საკითხით არიან დაინტერესებული, ასევე დაუკავშირდეს განათლების სამინისტროს იმ თხოვნით, რომ მოიძიონ შესაბამისი სპეციალისტები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და სოციალური კუთხით მომუშავე ადამიანები, რომლებიც მიზნობრივ ჯგუფს ჩაუტარებენ საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრებს, ტრენინგებს თუ სემინარებს. ჩვენი რეკომენდაციებიც სკოლის მიმართ სწორედ ამ კუთხით გაიცა", - განაცხადა ნანი დუჩიძემ.

ინფორმაცია სკოლაში დანიშნული გოგონების პრობლემის შესახებ "ინფო რუსთავმა" რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.