განათლების მინისტრი: პედაგოგების ანაზღაურება გაიზრდება

2019-02-07 13:22:34

"პედაგოგებმა დრო და მოტივაცია არა ბიუროკრატიულ წინაღობებს, არამედ მოსწავლეების განვითარებას და მათთან შემოქმედებით მუშაობას უნდა მოახმარონ. სამინისტრო კი თავის მხრივ გაზრდილი ბიუჯეტით უზრუნველყოფს პედაგოგების ხელფასების ზრდას და სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას"- ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მაისში წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას პედაგოგების ანაზღაურებაზე და სექტემბრიდან ანაზღაურების ზრდა მოხდება. როგორც დაგპირდით, სკოლის რეფორმის ძირითადი პრინციპებია - სკოლების გაძლიერება - ავტონომია და დეცენტრალიზაცია, ბიუროკრატიიდან შემოქმედებით საკითხებზე გადასვლა, სკოლის დირექტორი, როგორც ლიდერი და პედაგოგი ორიენტირებული შემოქმედებით საკითხებზე“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, ნებისმიერ პედაგოგს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დონეზე შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ჩააბაროს გამოცდა და აიმაღლოს კვალიფიკაცია.

„გრძელვადიან პროცესში მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის სამსახურები და სკოლა უნდა გახდეს ძლიერი ინსტიტუცია, რომელიც თვითონ ზრუნავს ხარისხის განვითარებაზე“, - განაცხადა ბატიაშვილმა.