რუსთაველმა იურისტმა რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნა

2019-02-07 13:15:57

უფლებადამცველებმა, ალექსანდრე კობაიძემ და ზაზა ჯუსტიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართეს. როგორც პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, შეიქმნა რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც დაინტერესებულ პირებს სასულიერო პირის სტატუსს მიანიჭებს, რათა მათ ხშირად და შეუზღუდავად შეძლონ პატიმრის მონახულება.

ინფო რუსთავთან საუბრისას რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროპტესტანტული  და ლუთერანული ეკლესია – ბიბლიური მზრუნველობა“-ს დამფუძნებელმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, ორგანიზაციის მთავარი მიზანი პატიმრების საზოგადოებაში რესოციალიზაციაა.

"მოგეხსენებათ, როგორი ბიუროკრატიაა პენიტენციურ სისტემაში ამჟამად. ამის გამო მთელ რიგ ადამიანებს არ ეძლევათ იმის საშუალება, რომ მოინახულონ პატიმრები. არის შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრებიც კი ვერ ახერხებენ პატიმრებთან კომუნიკაციას, ხოლო ჩვენი ორგანიზაციის მეშვეობით, სამუშაო საათებში, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე, მსურველებს შეუზღუდავად შეეძლებათ შევიდნენ და კომუნიკაცია დაამყარონ პატიმრებთან. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, ხელი შევუწყოთ იმას, რომ პატიმარი არ გახდეს ფსიქოლოგიური მსხვერპლი, რადგან ისინი საზოგადოებისგან ხშირ შემთხვევაში მოწყვეტილნი არიან და შემდგომ უჭირთ გარე სამყაროსთან ადაპტაცია",- განაცხადა ალეკო კობაიძემ.

როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელმა აღნიშნა, სასულიერო პირის სტატუსის მისანიჭებლად მათ მსურველთათვის გარკვეული კრიტერიუმები ექნებათ დაწესებული.

"ნებისმირი პიროვნება, ვისაც პატიმრის მონახულების სურვილი ექნება გვიკავშირდება ჩვენ, ჩვენთან ხდება გასაუბრება. თუ გადავწყვეტთ, რომ ეს ადამიანი არ არის ციხის ადმინისტრაციისთვის საშიში პიროვნება და მოწოდებულია რეალურად პატიმრის მოსანახულებლად და არა იმისთვის, რომ უსაფრთხოების ნორმები დაარღვიოს, მას მღვდელმსახურის ოფიციალურ საბუთს მივცემთ და ექნება უფლება მოინახულოს პატიმარი, როგორც სულიერი შვილი", - აცხადებს უფლებადამცველი ალეკო კობაიძე.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროპტესტანტული  და ლუთერანული ეკლესია – ბიბლიური მზრუნველობა“ ტერიტორიულად თბილისში იქნება განთავსებული, თუმცა ის მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებს პატიმრების ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ ნიბისმიერ სხვა პირს, რომელსაც ბრალდებულისა თუ მსჯავრდებულის ნახვა უნდა.