მარნეულში ახალი სკოლა აშენდება

2019-02-06 18:26:48

მიმდინარე წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წოფში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა დაიწყებს ფუნქციონირებას. სიახლე, ადგილობრივ პედაგოგებსა და მოსწავლეებს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ გააცნეს.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პირადად იმყოფებოდნენ სოფელში, ამჟამად მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც, აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სექტორი ფუნქციონირებს და ადგილზე განათლებას 75 მოსწავლე იღებს.

ეთნიკურად მრავალფეროვან დასახლებაში, საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი 2 700 000 ლარით დააფინანსებს.

სოფელ წოფის სკოლაში სტუმრობისას, სახელმწიფო მინისტრმა პირველკლასელებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. დაიგეგმა გაცნობითი ტური თბილისში, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები სახელმწიფო უწყებებსაც ესტუმრებიან.

ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.