სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო ხდება

2019-02-04 12:12:22

საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება, მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიოს.

ცვლილებები „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონში შედის.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სავალდებულო დაზღვევის შეძენა შესაძლებელია მზღვეველთან, დაზღვევის აგენტის ან სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით ელექტრონულ-ტექნიკური გადახდის საშუალებით.

ცვლილებების თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით, მზღვეველი ვალდებულებას იღებს, მატერიალური ზიანი აანაზღაუროს, რომლის გადახდა ეკისრება მფლობელს ან მძღოლს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და მისი მონაწილეობით დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე.

„სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ერთ-ერთი წამყვანი სავალდებულო დაზღვევის სახეობაა საერთაშორისო პრაქტიკაში. მძღოლის დაუდევრობის, უყურადღებობის, არასაკმარისი ცოდნის, სატრანსპორტო საშუალების არასათანადო მოვლა-პატრონობისა და სხვადასხვა მიზეზების გამო იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების და გაუთვალისწინებელი შედეგების დადგომის ალბათობა. სწორედ სავალდებულო დაზღვევა ქმნის მატერიალურ გარანტიას, ერთი მხრივ, მძღოლისთვის და მეორე მხრივ, დაზარალებულისთვის ამ უკანასკნელის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და  ქონებისთვის მიყენებული ზიანის დადგომის დროს“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ინიციატივის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხიმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შეძენის ვალდებულება არ გავრცელდება საქართველოს თავდაცვის ძალების, ასევე იმ ორგანოების ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გამოიყენება სამხედრო დანიშნულებისთვის, მაგრამ გარდა ავტობუსების, მსუბუქი მანქანებისა და სხვა სამეურნეო დანიშნულების ტრანსპორტისა.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის ან მძღოლის გადაადგილება სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე სანქციებს გამოიწვევს.

სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილებისას 100 ლარით დაჯარიმდება მოტოციკლის (რომლის ძრავას მუშა–მოცულობა 50 სმ3–ზე მეტია), მსუბუქი ავტომობილის (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და დასაჯდომი ადგილების რაოდენობა 8-ს არ აღემატება), სასოფლო–სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი. ავტობუსის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-ს აღემატება) ან სატვირთო ავტოსატრანსორტო საშუალების (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს) მძღოლის მიერ სამართალდარევა კი, 200 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. ამასთან, მძღოლს ჯარიმასთან ერთად, სავალდებულო დაზღვევის შესაძენად 72 საათიანი ვადა მიეცემა და თუ ამ ვადაში მძღოლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა კვლავ დაუზღვეველი იქნება,  ის მეორედ დაჯარიმდება.

სავალდებულო დაზღვევის ფასები იქნება:

მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75 - 110 ლარი;
მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100 - 150 ლარი;
ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160 - 240 ლარი;
სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210 - 310 ლარი;
მისაბმელისათვის – 50 - 75 ლარი;
სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის – 60- 90 ლარი.