როგორ მიიღებენ მოსწავლეები ატესტატს

2019-02-03 11:56:47

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განმარტებას აკეთებს, როგორ მიიღებენ სკოლის მოსწავლეები ატესტატს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, იმისთვის, რომ მოსწავლემ აიღოს ატესტატი, უნდა ჰქონდეს ყველა საგანში დადებითი შეფასება, ხუთი ან მეტი ქულა.

"2018-2019 სასწავლო წლიდან, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სკოლის გამოსაშვები (ე.წ. CAT-ის) გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოიხსნა.

• მოსწავლეები, რომლებიც ე.წ. CAT-ის გამოცდებზე ჩაიჭრნენ ან არ/ვერ გავიდნენ, ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, ხუთი ან მეტი ქულა აქვთ.

• კლასის დაძლევის ან გაცდენების ექსტერნის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოსწავლეები ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, ხუთი ან მეტი ქულა აქვთ.

• ატესტატს გასცემს სერვისების განვითარების სააგენტო კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედების შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

• სკოლადამთავრებულებს, რომლებიც მოიპოვებენ ატესტატს, უფლება ექნებათ გაიარონ რეგისტრაცია პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღების მიზნით როგორც 2019 წელს, ასევე შემდგომ წლებშიც. ეროვნულ დონეზე საგამოცდო რეგისტრაციის ვადები გამოცხადდება დადგენილი წესით“,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.