პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო

2019-02-01 13:03:45

მოქალაქეთა ნაწილი 1-ლი თებერვლიდან პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საუბარია, საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებზე, რომლებიც ამჟამად ფლობენ ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე, მათ სახელზე არასდროს გაცემულა პირადობის ელექტრონული მოწმობა, ერთი თვის განმავლობაში, 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით, შეცვალონ ძველი დოკუმენტი ახლით და სრულიად უფასოდ მიიღონ პირადობის ელექტრონული მოწმობა.

"2012 წლის ბოლოს საქართველოში 3 087 163 მოქალაქე ფლობდა ქაღალდის პირადობის მოწმობას. დღეისთვის კი საქართველოში სულ მოქმედი 749 537 ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობაა. აქედან, ყველაზე მეტი ქაღალდის პირადობის მოწმობას თბილისში მცხოვრები მოქალაქეები ფლობენ - 175 914; შემდეგ მოდის იმერეთი 125 383; კახეთი - 80 007 და ქვემო ქართლი - 79 947. აღნიშნული აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას, მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ასევე, ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან,"-აღნიშნულია განცხადებაში.