ორმაგი მოქალაქეობის მიღების პირობები

2019-01-30 12:55:36

"მოქალაქეობის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის, რომლითაც ორმაგი მოქალაქეობის პირობები დგინდება.

ცვლილების მიხედვით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეობას იღებს, საქართველოს მოქალაქეობა იმ შემთხვევაში შეუნარჩუნდება, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეობამდე, საქართველოს სახელმწიფოდან ქართული პარსპორტის შენარჩუნებაზე თანხმობას მიიღებს.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ წინაპირობას:

მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი მაინც უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლის მოქალაქეობის მიღებასაც იგი აპირებს;
ანდა იგი სულ მცირე 5 წლის განმავლობაში კანონიერი საფუძვლით უნდა ცხოვრობდეს ან მუშაობდეს იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობის მიღებასაც აპირებს.
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმა დაიშვება, თუკი ეს არ შეესაბამება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს.

კანონპროექტი ითვალისწინებს სიახლეს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლების შესახებ. კერძოდ, პირს, რომელსაც დაკარგული აქვს საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება ექნება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისას („ორმაგი მოქალაქეობა“) გასათვალისწინებელი იქნება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევდეს და, იმავდროულად, თვითონ ან მისი წინაპარი (აღმავალი შტოს ხუთი თაობა) იყოს:

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი;

ანდა სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი.

გარდა ამისა, "ორმაგი მოქალაქეობის" მინიჭება შესაძლებელი იქნება უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, თუკი იგი:

საქართველოში დაბადებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელია და საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს;
საქართველოში ახორციელებს ან განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც ქვეყნის ეკონომიკის განვითრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა;

წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ანდა ხელოვნების სფეროში და სურს მოღვაწეობა განაგრძოს საქართველოს სახელით.
აღსანიშნავია, რომ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისას აღარ იქნება საჭირო სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

იცვლება ასევე მოქალაქეობის მინიჭებისათვის საქართველოში ცხოვრების ცენზები. კერძოდ, ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მინიჭებისას 5 წლიანი ცხოვრების ცენზი იზრდება 10 წლამდე, ხოლო გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებისას 2 წლიანი ცენზი იზრდება 5 წლამდე.

კანონპროექტის მიზანი მოქალაქეობის საკითხების კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან ჰარმონიზაციაა.