ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება

2019-01-28 14:28:41

2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება სავალდებულო სამ საგანში იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე იქნება იმ პროფილის მიმართულებით, რა სპეციალობასაც აბიტურიენტი აირჩევს. რაც შეეხება ზოგად უნარებს, 2020 წლიდან ის სავალდებულო საგანთა სიაში აღარ იქნება და არჩევით საგანთა ნუსხაში გადაინაცვლებს.

ზოგადი უნარების გამოცდის ან სხვა პროფილური გამოცდის დამატების უფლება უმაღლესმა სასწავლებლებმა მიიღეს.

საგამოცდო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებულ პრეზენტაციაზე განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა რამდენიმე სიახლე წარმოადგინა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, თავიანთ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდას ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტები ისევ ჩააბარებენ და აქ არაფერი იცვლება.

„2020 უნივერსიტეტებში იქნება სამი მისაღები გამოცდა, ქართული ენა ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე იქნება იმის მიხედვით თუ რა მიმართულებით აპირებს ჩაბარებას აბიტურიენტი. თუ მას არჩეული აქვს ჰუმანიტარული მიმართულება ჩააბარებს ისტორიას, თუ ტექნიკური - ჩააბარებს მათემატიკას და ა.შ.“, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, საგამოცდო სისტემის ცვლილების მიზანი ერთიანი ეროვნული გამოცდების საკითხების სასკოლო პროგრამასთან დაახლოებაა.

"არ შეიძლება სხვაობა იყოს უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებელი გამოცდის საკითხებსა და სკოლის საგნებს შორის. მაქსიმალურად დაუახლოვდება ერთმანეთს სკოლის საგნები და უნივერსიტეტის გამოცდები მთავარია სკოლას დაუბრუნდეს თავის ფუნქცია და მშობელს არ ჰქონდეს დიდი ხარჯი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში არაფერში გამოადგება",- განმარტა მიხეილ ბატიაშვილმა.
კიდევ ერთი რეგულაცია იცვლება ერთიან ეროვნულ გამოცდებში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, უსამართლობა იყო არჩევითი საგნით მინიჭებული გრანტის პრინციპი.

"აბიტურიენტები აქამდე ირჩევდნენ არჩევით საგანს შანსების გასაზრდელად, მაგრამ ხდებოდა ისე თუკი რომელიმე საგანში ჩაიჭრა ან ვერ გამოცხადდა კარგავდა გრანტის მიღების შანსს და შეიცვლება ეს წესი", - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ.

გარდა ამისა, ბატიაშვილის თქმით, უნივერსიტეტეს უნდა ჰქონდეს უფლება დაამატოს საგამოცდო საგნებს თავისი კომპონენტი სტუდენტის მისაღებად და ეს იქნება ნებაყოფლობითი. შესაძლოა ეს იყოს გამოცდაც, რომელსაც უმაღლესი თავად ჩაატარებს.