რეკომენდაცია ბაღებს, სკოლებსა და უნივერსიტეტებს

2019-01-24 14:30:48

ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო ხდება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ განაცხადა, ასევე, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო ხდება 1-დან 19 წლამდე პირებისთვისაც, რომელთაც გეგმური ვაქცინა არასრულად აქვთ გაკეთებული ან საერთოდ არ ჩაუტარებიათ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აცრის სტატუსის მოთხოვნის შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ კონკრეტულ პირებს წითელას ვაქცინა ჩატარებული არ აქვთ, შესაძლოა, მათთვის მოსწავლის ან სტუდენტის სტატუსის შეჩერების საკითხი დადგეს.

"წითელა არის ძალიან ადვილად გადამდები დაავადება, შესაბამისად, ის სწრაფი გავრცელებით ხასიათდება. მისი მასობრივად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა წითელას პრევენციული ღონისძიებების შესახებ განკარგულება. ამ განკარგულების მიხედვით, საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურას აქვს სხვადასხვა ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ არაიმუნურ პირებში ვაქცინაცია მასობრივად ჩატარდეს. ეს განსაკუთრებით ეხება 1-დან 19 წლამდე ასაკის არასრულად ვაქცინირებულ პირებს. 19 წლის ზემოთ 40 წლამდე მოსახლეობა, რომელიც არამყარი იმუნიტეტით გამოირჩევა, ვალდებული იქნება ჩაიტაროს ვაქცინაცია. ეს განკარგულება მკაცრ ღონისძიებებს ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ აცრის შესახებ დოკუმენტაცია სრულად არ იქნება წარმოდგენილი საგანმანათლებლო დაწესებულებში, სავალდებულოა, გარკვეული სანქციების შემოღებაც. თუ არასრულად ვაქცინირებული პირი ერთ დამატებით ვაქცინას არ ჩაიტარებს, განათლების სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებს აქვთ შესაძლებლობა, რომ სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილონ”,- აღნიშნა ეკატერინე ადამიამ.