ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ, დედამ ცემით მოკლა, გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.
შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით, გამოძიების ფარგლებში უკვე დაკავებულია გარდაცვლილის დედა.
როგორც ცნობილია, ამ შემთხვევამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება ერთხელ, 6 იანვარს შევიდა.
შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვნის დედა ლ. ქ. თავად მცირეწლოვანი კი პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა და მომხდარის შესახებ ეცნობა სოციალურ სამსახურს. გავრცელებული ინფორმაციით, დედას არასრულწლოვანთან კონტაქტი აეკრძალა.
საქმეზე გამოიკითხა ბრალდებული და არაერთი მოწმე, მათ შორის ოჯახის წევრები, შეტყობინების ინიციატორი და პოლიციის თანამშრომლები. გამოკითხულმა მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით.
რადიკალურად განსხვავებულია მეზობლების პოზიცია. როგორც ისინი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავენ, გარდაცვლილ გოგონას დედა ფიზიკურად ხშირად უსწორდებოდა. მათი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, არაერთხელ მიუმართავთ სამართალდამცავი ორგანოებისთვისაც.
მეზობლებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს გარდაცვლილი ბავშვის მამინაცვალი. მისი თქმით, ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მასზე ძალადობა არასდროს ხდებოდა. ის ამტკიცებს, რომ გოგონა ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ამასთან, დაღუპული ბავშვის მამინაცვალი ირწმუნება, რომ ბავშვის დედის წინააღმდეგ არანაირი შემაკავებელი ორდერი არ იყო გაცემული და გოგონას მათთან ცხოვრების შესახებ ინფორმაცია პოლიციასაც ჰქონდა.
"ბავშვი კიოდა ბანაობის დროს, წყალი რომ დაესხმებოდა. დედამისს არასდროს უცემია. რომ დამენახა სცემდა, მე თვითონ დავსჯიდი ჩემს მეუღლეს. ბავშვი გუშინ ძალიან ცუდად იყო, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, არავინ სცემდა", - აცხადებს გარდაცვლილი გოგონას მამინაცვალი
შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის მიერ პარალელურად დაწყებულია შესწავლა და სამსახურეობრივი შემოწმება, რომელიც დაადგენს მიმდინარეობდა თუ არა ეფექტიანად შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი.
აღსანიშნავია, რომ დაკავებული ბავშვის დედა ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს.