14 ქუჩის გარდა დამატებით განისაზღვრება კიდევ ქუჩები, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერდებიან", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება მიკროავტობუსებს. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ საპილოტე პროექტი და შევარჩიეთ 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს ეკრძალებათ გაჩერება სხვადასხვა ადგილებში, მოსაცდელების გარდა. ეს ყველაფერი გაკეთდა მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით და ქვეითების უსაფრთხოების მიზნით. მიხარია, რომ ამ საპილოტე პროექტმა ძალიან გაამართლა და კარგად იმუშავა. ამიტომ მინდა მაია ბითაძეს დავავალო, რომ დაიწყოს მუშაობა დამატებითი ქუჩების განსაზღვრაზე, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერდებიან. ამავდროულად, მამუკა მუმლაძეს მინდა დავავალო, რომ სანამ ეს პროცესი განხორციელდება და ქუჩების შერჩევა მოხდება, დაიწყოს ინფრასტრუქტურის მხრივ მომზადება და დამატებითი მოსაცდელების მოწყობა", - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერია უახლოეს დღეებში დაიწყებს მუშაობას დამატებითი ქუჩების შერჩევაზე, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ მოსაცდელებზე შეეძლებათ. ინფო რუსთავის ინფორმაციით, გადაწყვეტილება რუსთავიდან თბილისში მოძრავ მიკროავტობუსებსაც შეეხება.