მასწავლებელთა კრედიტ-ქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება, - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ განათლების სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
ცვლილების მთავარი მიზანი პედაგოგებისთვის ბიუროკრატიის შემცირება, ბიუროკრატიიდან კლასებში ყურადღების გადატანა იყო.
როგორც პრეზენტაციაზე ბერიკა შუკაკიძემ განაცხადა, სქემის შეფასებისას წარმოჩინდა, რომ მასწავლებლები მეტ დროს უთმობდნენ საბუთების მომზადებასა და ატვირთვას, ბავშვები კი ყურადღების მიღმა რჩებოდა.
„სქემის შეფასების შემდეგ წარმოჩინდა, რომ მასწავლებლები გახვეულები იყვნენ ბიუროკრატიაში და დაკავებულები იყვნენ საბუთების მომზადებით და ატვირთვით და ბავშვი რჩებოდა ყურადღების მიღმა. თუმცა სქემას ჰქონდა თავისი პოზიტიური მხარეც რაც იმაში მდგომარეობს, რომ მასწავლებლები მეტად აქტიურად იყვნენ განვითარებაში ჩართული.
პირველი ცვლილება, რომელსაც ჩვენ მალე დეტალურად წარმოგიდგენთ, არის ის, რომ კრედიტ-ქულების დაგოვების სისტემა გაუქმდება და განისაზღვრება გარდამავალი ეტაპი. არსებობს სტატუსის მოპოვების, შენარჩუნების 2 სხვადასხვა სისტემა, მაგრამ ჩვენ შვეცდებით, რომ 2019 წლის ბოლომდე ის ადამიანები, რომლებსაც დაწყებული აქვთ ეს პროცესი, არ შევაფერხოთ. ხოლო მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნებისთვის 31 დეკემბრამდე განვუსაზღვრავთ ვადას, რომ მათ განახორციელონ პროფესიული განვითარება",- განაცხადა შუკაკიძემ.