"უბედური შემთხვევა მარკეტინგისთვის"

2019-01-17 19:35:47

იაშვილის კლინიკაში არსებული სისხლის ბანკის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც სისხლის მარაგის ნაკლებობასთან იყო დაკავშირებული, ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო გამოეხმაურა.

"საჯარო მოხელის კოდექსი არ მაძლევს უფლებას, შესაბამისი შეფასება გავაკეთო, მაგრამ როდესაც სისხლის ბანკი ცდილობს, რომ უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და დაამზადოს პროდუქტი, რომელიც შემდგომ კომერციულად უნდა გაყიდოს, ამ ფაქტის შეფასებას საზოგადოებას შევთავაზებ, თან ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად კლინიკებში რვა პაციენტი იქნა გადაყვანილი, იაშვილის კლინიკაში კი მათგან ექვსი, რის შედეგადაც სისხლის მინიმალური რაოდენობა გაიხარჯა.

"ამ ბავშვების მკურნალობის პროცესში დაიხარჯა ერთი ერთეული სისხლის პროდუქტი, რაც ძალიან ცოტაა, ამაზე ნაკლები მოცულობა უბრალოდ არ არსებობს. მარაგი, რა თქმა უნდა, შეფერხების გარეშე მიეწოდა კლინიკას. მას თავისი რესურსიც აქვს. ერთი ერთეული ყოველთვის არის“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.