რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებისა და რუსთავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებმა დეკემბრის თვის ბოლოს საახალწლო პრემიის სახით ხელფასებზე დანამატი მიიღეს.
რუსთავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებმა საახალწლოდ პრემიის სახით დამატებით დაახლოებით 50-დან 100 ლარის ფარგლებში ხელზე ასაღები თანხა მიიღეს, ხოლო რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლების შემთხვევაში დანამატი 40 ლარის ოდენობით განისაზღვრა.
როგორც ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელმა ნაზი პაჭიკაშვილმა განაცხადა, დანამატებისთვის სამსახურის ბიუჯეტიდან დაახლოებით 3000 ლარი დაიხარჯა.
"ჩვენ მიზერული ოდენობით მივეცით დანამატები თანამშრომლებს, რადგან ძალიან ცოტა გვქონდა ნაშთი სახელფასო ფონდში დარჩენილი. გარდა ხელმძღვანელისა ყველა თანამშრომელმა მიიღო დანამატი, ასე რომ 23 თანამშრომელი წახალისდა წინასაახალწლოდ",- განაცხადა ნაზი პაჭიკაშვილმა.
რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებისათვის კი სახელფასო დანამატებისთვის 2000 ლარი გამოიყო. ამ შემთხვევაშიც, როგორც საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელი თეა ჟვანია აცხადებს, თანხების მობილიზება შიდა ბიუჯეტობრივი ეკონომიის ხარჯზე განხორციელდა.
"წინასაახალწლოდ ხელფასზე დანამატი ჩემს გარდა ყველა თანამშრომელმა მიიღო. ეს თანხა არის 40 ლარი ხელზე ასაღები, რაც მიზერულია და მინდოდა სიმბოლურად გადამეცა თანამშრომლებისთვის და მოვახერხე. დანამატი 44-მა თანამშრომელმა მიიღო, ანუ ყველამ ჩემს გარდა და თანაბრად გადანაწილდა თითოეულ თანამშრომელზე", - განაცხადა თეა ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ წინასაახალწლოდ ხელფასზე დანამატები რუსთავის ბაგა-ბაღების თანამშრომლებმაც მიიღეს.