გლდანის ციხეში პატიმარი შიმშილობს

2018-12-22 16:45:30

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ირაკლი ჩხეიძის შიმშილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პენიტენციური სამსახური ირაკლი ჩხეიძეს, რომელიც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით იხდის სასჯელს, სათანადო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს, თუმცა მათივე ცნობით, დღემდე მსჯავრდებული სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ირაკლი ჩხეიძემ მკურნალ ექიმს დღესაც არ მისცა მისი გასინჯვის უფლება.

მსჯავრდებული 28-ე დღეა შიმშილობს და მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ირაკლი ჩხეიძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ჩხეიძეს სათანადო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს, თუმცა დღემდე მსჯავრდებული სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებდა.

ირაკლი ჩხეიძე, მერვე დაწესებულებაში იმყოფებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მედპერსონალის მიერ მისი სტაციონარული მკურნალობის რეკომენდაცია გაცემული არ ყოფილა, მსჯავრდებული დღეს დილით მე-18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, რადგან მან დადო პირობა, რომ სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ მედპერსონალს სამედიცინო დახმარების მიღებაზე დაეთანხმებოდა.

მსჯავრდებული 28-ე დღეა შიმშილობს და მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს, თუმცა საპროცესო შეთანხმების გაფორმება სპეციალური პენიტენციური სამსახურის კომპეტენციას სცილდება. რაც შეეხება მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ირაკლი ჩხეიძე მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

როგორც წინა დღეებში, დღესაც, 22 დეკემბერს მსჯავრდებულმა მკურნალ ექიმს მისი გასინჯვის უფლება არ მისცა.

21 დეკემბერს ირაკლი ჩხეიძე ერთჯერადად გაესინჯა ექიმს, უჩიოდა გულისრევას, ღებინებას, წნევა ჰქონდა 130/80, გლუკოზა სისხლში 97, ტემპერატურა 37.6. წონა 52 კგ. 21 დეკემბერს, გასინჯვის შემდეგ გაუკეთდა დროტავერინი და მეტოკლოპრამიდი, გულისრევის საწინააღმდეგოდ, გადასხმაზე უარი განაცხადა. სპეციალური პენიტენციური სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ირაკლი ჩხეიძესთან გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ მოხდეს მისი დათანხმება სამედიცინო დახმარების მიღებაზე,” - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი ჩხეიძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ასევე იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177- ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობა) ჩადენაში.