2018-12-19 13:21:17
საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება იზრდება.
საკანონმდებლო ორგანო ვალდებული ხდება გააკონტროლოს მთავრობის საქმიანობა და მოითხოვოს სამუშაოების შესრულების შესახებ ანგარიში ინტენსიურად. ამის გარდა, მკაცრდება კონტროლი დეპუტატების გაცდენებზე და განისაზღვრება პარლამენტის ეთიკის კოდექსიც. ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შედის.
საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციების გაზრდა ახალი კონსტიტუციის მიღებამ განაპირობა. მეხუთე პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამოქმედდება და საქართველოც ოფიციალურად საპარლამენტო მმართველობაზე გადავა.
პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტში 224 მუხლია. კანონპროექტში ბევრი სამართლებრივი დეტალია. დოკუმენტი რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, საკომიტეტო საქმიანობა, პლენარული სხდომების ჩატარების წესი, საკანონმდებლო პროცესი და ზედამხედველის ფუნქცია.
მთავარი ცვლილებები, რომელიც რეგლამენტში შევა და მნიშვნელოვნად შეცვლის პარლამენტის მუშაობის სპეციფიკასა და ვალდებულებებს.
დეპუტატის ხელფასი:
პარლამენტის წევრის გასამრჯელოდ 4 624 ლარი განისაზღვრა. ამჟამად, დეპუტატის ხელფასი 4 623 ლარია, ხოლო საპარლამენტო თანამდებობების მქონე წევრების ანაზღაურება კი თანამდებობრივი იერარქიის მიხედვით იზრდება. ახალი რეგლამენტით, თითოეული საპარლამენტო თანამდებობისთვის დამატებით ანაზღაურებას პარლამენტის ბიურო დაადგენს. გარდა ამისა, პარლამენტის წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა შეუნარჩუნდებათ. 2018 წლის პირველი იანვრიდან პარლამენტის წევრების ხელფასი 833 ლარით უკვე გაიზარდა.
პენიტენციურ დაწესებულებაში დეპუტატის ვიზიტი:
დეპუტატების უფლება შევიდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც სავარაუდოდ, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძისა და ხორავას ქუჩის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ციხეში გაკეთებული ფარული ჩანაწერები გავრცელდა. მაშინ გაირკვა, რომ დეპუტატი მირზა სუბელიანთან ციხეში 16 ოქტომბრამდე 5-ჯერ შევიდა.
ახალი რეგლამენტით დეპუტატებს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის წესები უმარტივდებათ. მოიხსნა კომიტეტების შეზღუდვა და ახლა უკვე ნებისმიერი კომიტეტის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დეპუტატს შეუძლია ციხეში შევიდეს. ამ უფლების მოთხოვნის სამართლებრივი შესაძლებლობა დეპუტატსაც ექნებათ.
პლენარული სხდომები:
კანონპროექტის მიხედვით, გაზრდილია პლენარული სხდომების დღეების ოდენობა, კერძოდ, სხდომები სასესიო კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს ჩატარდება. ხოლო ამავე კვირის ორშაბათს, პლენარული სხდომის ჩატარება ბიუროს გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი.
გაცდენები:
ახალი რეგლამენტი გაცდენების პრობლემასთან ბრძოლასაც ცდილობს. საპატიო მიზეზის არაკეთილსინდისიერად გამოყენების თავიდან ასაცილებლად დეპუტატები ვალდებული იქნებიან გაცდენის მიზეზი დააკონკრეტონ, შესაბამისი ცნობა წარადგინონ.
პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ჩაითვლება:
ავადმყოფობა;
სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა...
კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება:
თუ უმრავლესობა, უმცირესობა, ფრაქცია, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო ბოიკოტს აცხადებს;
თუ საქართველოს პარლამენტში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ სხვა ქვეყნის დელეგაციას ხვდება.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აღრიცხავს იმ დეპუტატებს, რომლებიც კომიტეტის სხდომებს არ ესწრებიან და ამ მონაცემებს ყოველი თვის ბოლოს პარლამენტის საიტზე გამოაქვეყნებს.
რეგლამენტის დარღვევა:
რეგლამენტის დამრღვევი პარლამენტის წევრი "დაისჯება":
ჩამოართმევენ სიტყვის უფლებას;
გააფრთხილებენ;
სხდომათა დარბაზს დაატოვებინებენ;
ხელფასს დაუქვითავენ.
ეთიკის საბჭო:
პარლამენტი ვალდებულია შექმნას ეთიკის საბჭო. საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს. პარლამენტარის ქცევის ეთიკურ სტანდარტებს ეთიკის კოდექსი დაარეგულირებს. კოდექსს პარლამენტი დადგენილების სახით გამოსცემს საზედამხედველო ფუნქცია
პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის ზრდა ერთ-ერთი გარდამტეხი თავია რეგლამენტის პროექტში. კონტროლის მექანიზმების დახვეწა მთავრობისგან ინფორმაციის მიღების სხვადასხვა გზებს უკავშირდება.
პარლამენტის წევრის კითხვა:
დეპუტატს ექნება უფლება კითხვით მიმართოს მთავრობას, მინისტრებს, ადგილობრივ ორგანოებს, სახელმწიფო დაწესებულებებს და ყველას, ვინც პარლამენტის წინაშე ვალდებულია. კითხვა უნდა იყოს წერილობითი. შინაარსი მაქსიმალურად კონკრეტულად, მკაფიოდ და გასაგებად ჩამოყალიბებული. კითხვის ადრესატს პასუხის გასაცემად 15 დღე აქვს. კითხვაზე პასუხი გადაეგზავნება კითხვის ავტორს და გამოქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. იქვე აღინიშნება, დაარღვია თუ არა პასუხისთვის გამოყოფილი ვადა ადრესატმა.
ინტერპელაციის წესი:
ინტერპელაციის წესი პარლამენტის დადგენილებაში ახალი ჩანაწერია. ინტერპელაცია არის პროცესი, როცა პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას უფლება აქვს, შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს. ინტერპელაცია პარლამენტის წევრის კითხვის ფორმატისგან განსხვავდება, რადგან კითხვის ადრესატებს პარლამენტში მოსვლას ავალდებულებს.
ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი პარლამენტში უნდა მივიდეს ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ, კერძოდ, მარტის, მაისის, სექტემბრისა და ნოემბრის თვეებში. ვიზიტის დღედ თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევი განისაზღვრება. პარლამენტში მისული პირი უპასუხებს იმ შეკითხვებს, რომლებიც პარლამენტში 10 დღით ადრე გადაეცა.
მინისტრების "დაბარება"
მინისტრების პარლამენტში დაბარებას დეპუტატები კომიტეტის ან ფრაქციის ფორმატით შეძლებენ. ახალი რეგლამენტით საპარლამენტო ოპოზიცია მინისტრების უმცირესობის ფორმატში დაბარებას ვეღარ შეძლებს.
პარლამენტი, კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პლენარულ სხდომაზე არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის გადაწყვეტილებით იბარებს მთავრობის წევრს. თანამდებობის პირი ვალდებულია გამოცხადდეს პლენარულ სხდომაზე, პასუხი გასცეს შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.
მინისტრის საათი:
წელიწადში ერთხელ, მინისტრები ვალდებულები იქნებიან პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარუდგინონ. მთავრობის წევრების პარლამენტში მისვლის განრიგს საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე პარლამენტის ბიურო შეადგენს. განრიგი ისე უნდა გაიწეროს, რომ პლენარული სხდომების ყოველ ორ კვირაში ერთხელ მინიმუმ ერთი მინისტრის საათი მაინც შედგეს. მინისტრის საათი არ ეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლასა და სამთავრობო ანგარიშის მოსმენას.
პრემიერ-მინისტრი პარლამენტში:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებული იქნება წელიწადში ერთხელ, ივნისის თვეში პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარუდგინოს. ასევე, პარლამენტს უფლება აქვს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილების შესრულების შესახებ ანგარიში მოსთხოვოს.
ინფორმაციას on.ge ავრცელებს.