საფინანსო სექტორში დაგეგმილ რეგულაციებში, რომლებიც სესხის გამცემი სუბიექტების ეროვნულ ბანკში რეგისტრაციას უკავშირდება, ცვლილებები შევიდა.
ცვლილებების მიხედვით, სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესში, საოპერაციო ფართზე სარეგისტრაციო მოთხოვნა 20-დან 15 კვ/მ-მდე შემცირდა. ასევე, სესხის გამცემ სუბიექტს, ეროვნულ ბანკში ვალუტის გადამცვლელ პუნქტად დარეგისტრირების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება, ნაღდი ვალუტის გაცვლის ოპერაციები განახორციელოს.
ცვლილება შევიდა, ასევე, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის წესში, რომლის მიხედვითაც, სესხის გამცემი სუბიექტი უფლებამოსილია არ მიაწოდოს ბიუროს პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელ ფიზიკურ პირზე გაიცემა 3 000 (სამი ათასი) ლარამდე მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი და, ამავდროულად, სესხის გამცემი სუბიექტის მოთხოვნა მსესხებელი ფიზიკური პირის მიმართ დაკმაყოფილებულად ითვლება მხოლოდ უზრუნველყოფის საგნის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებების (მათ შორის, ქონების რეალიზაციით ან/და დასაკუთრებით) განხორციელებით.
სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის ვალდებულების მქონე პირებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენა ეროვნულ ბანკში 2018 წლის 20 დეკემბრიდან შეეძლებათ.