სალომე ზურაბიშვილმა ფიცის დადების დროს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტები დაახასიათა.
"დღეიდან კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ვიყო ყველას პრეზიდენტი. ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია. ამ პასუხისმგებლობასა და ცნობიერებაზე დგას თანამედროვე სახელმწიფო. მე დავიცავ მოქალაქის უფლებებს და თავისუფლებას. ვიქნები კანონის უზენაესობის გარანტი. ვიზრუნებ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება და ავამაღლოთ პოლიტიკური კულტურა. დღეს, როდესაც გავხდი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ვამაყობ იმით, რომ ჩვენ შევძელით პრეზიდენტის თანამდებობის გადაბარება მშვიდობიანი და ცივილიზებული ფორმით. ამით კიდევ ერთი დემოკრატიული ნაბიჯი გადაიდგა. დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის გზაზე ყველა პრეზიდენტმა თავისი აგური დადო. უდიდესი როლი ითამაშა ზვიად გამსახურდიამ, როცა მან დანიშნა რეფერენდუმი და მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ედუარდ შევარდნაძემ პირველმა გაჭრა გზა ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ. მიხეილ სააკაშვილმა თავისი მმართველობის საწყის ეტაპზე საფუძველი ჩაუყარა მნიშვნელოვან რეფორმებს. გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისკენ და გამყარდა სტაბილურობა. ჩემი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება და მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა ვერ შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა. "- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა