ოთარ დანელია: "ამ მიმართულებით, სანქციებსაც განვიხილავთ"

2018-12-14 14:55:18

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საკუთრებაში არსებულ მიწებს არ ამუშავებენ, შესაძლოა, უძრავი ქონება ჩამოერთვათ. აღნიშნულის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მიწის ფონდის ძალიან მცირეა, საიდანაც დაახლოებით, 45 -50 ათას ჰექტრამდე უცხოელების საკუთრებაშია.

"უბედურება ის კი არ არის, რომ უცხო ქვეყნის სუბიექტმა დაირეგისტრირა მიწა საკუთრებაში, პრობლემა ის არის, რომ ამ მიწის საკუთრების უფლებას არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა. შესაძლოა, რამდენიმე ათასი ჰექტარი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაში, რომელსაც არანაირი ვალდებულება არ ახლავს და საერთოდ არ დამუშავებულა. საკომიტეტო მოსმენებამდე არ მინდა რამე შეფასება მივცე, მაგრამ ამ მიმართულებით, სანქციებსაც განვიხილავთ. მათ შორის, შესაძლოა, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ექსპროპრიაცია განხორციელდეს. რა თქმა უნდა, ამ საკითხს საქართველოს მოქალაქეებიც სერიოზულად უნდა მოეკიდონ. ჩვენ მათ მიმართაც მკაცრი მიდგომები გვექნება, მაგრამ არა ისეთი როგორიც უცხოელების მიმართ. მოკლედ რომ შევაფასოთ, ერთის მხრივ გვექნება შეღავათები მათთვის ვინც დაამუშავებს მიწებს, ხოლო ვინც არ დაამუშავებს, მათ მიმართ მკაცრი სანქციები იარსებებს,"- განაცხადა დანელიამ.