გეგმიური აცრები სავალდებულო ხდება

2018-12-14 11:50:19

საქართველოში აცრების გაკეთება სავალდებულო ხდება.

2019 წლის 1-ელი იანვრიდან  ყველა მშობელი და მეურვე ვალდებული იქნება, თავის შვილს მოქმედი ეროვნული კალენდრით გავთვალისწინებული ვაქცინაცია ჩაუტაროს. 

შესაბამისი ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სავალდებულო უნდა გახდეს სკოლაში ან ბაღში სწავლის დაწყებისას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული სავალდებულო აცრების მოთხოვნა. ცვლილებების ავტორები აღნიშნავენ, რომ ამგვარი მიდგომა საერთაშორისო პრაქტიკაში გავრცელებულია. შესაბამისი ცვლილებები ნორმატიულ აქტებში ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებმა 6 თვის ვადაში უნდა შეიტანონ.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის იმუნიზაციით მოცვის დონე არასაკმარისია. ცვლილებების ავტორები მიუთითებენ რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებზე, რომლის მიხედვით, იმუნიზაცია შესაძლებელს ხდის ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე დიფტერიით, ტეტანუსით, წითელათი და სხვა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევათა აცილებას, ხოლო იმუნიზაციის გლობალური მოცვის შემთხვევაში შესაძლებელი ინება დამატებით 1,5 მილიონი ადამიანის გადარჩენა. განმარტებით ბარათში საუბარია წითელას წითელას შემთხვევების ზრდაზეც.

განმარტებით ბარათში საუბარია იმაზეც, რომ აცრებზე მოთხოვნას ხელს უშლის მოსახლეობის არასათანადო ცნობიერება ვაქცინების სარგებლისა და უსაფრთხოების შესახებ და უნდობლობა, ასევე, ვაქცინაციის საწინააღმდეგო ინფორმაცია საზოგადოებასა და საინფორმაციო საშუალებებში,  მშობლების უყურადღებობა და პასუხისმგებლობის დეფიციტი.

რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, კანონპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში წერენ, რომ ცვლილებების მიღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას არ გამოიწვევს, რადგან იმუნიზაციის პროგრამა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ნაწილია და მას მოსახლეობა უფასოდ იღებს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პროგრამის ბიუჯეტი 22.400 ათასი ლარია და ეს თანხა გათვლილია ყველა შესაძლო ბენეფიციარზე, მაგრამ აცრაზე ყველა არ მიდის.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, აკაკი ზოიძე ცვლილებების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აღსრულების მექანიზმი ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის. მისი განმარტებით, მიუხედვად იმისა, რომ სკოლებში და ბაღებში აცრებთან დაკავშირებით დოკუმენტების მიტანა სავალდებულოა, ეს არ ნიშნავს, რომ აუცრელ ბავშვს არ მიიღებენ.

"ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ აცრა არ არის მშობლის დისკრეცია, არამედ არის ძალიან კონკრეტული ვალდებულება. სახელმწიფოც იღებს ვალდებულებებს, რომ ეს აცრები არის მაქსიმალურად უსაფრთხო და ეფექტიანი. ექიმებმაც უნდა აიღონ ვალდებულება, რომ მშობლები გააფრთხილონ ამის შესახებ. ამაზე უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდი, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი საშიში დაავადებები, როგორიც არის წითელი, ყბაყურა და ა.შ., არ არსებობს და არ გამოუგონია კაცობრიობას", - ამბობს აკაკი ზოიძე.