რას აცხადებს მინისტრის მოადგილე

2018-12-11 15:41:12

რუსთავი-თბილისის მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები გეგმის მიხედვით არ მიმდინარეობს, არის ვადაში ჩამორჩენა და კონკრეტულ ლოკაციებზე ამ დრომდე არ დაწყებულა სამუშაოები. სამუშაოების ვადაში გაჭიანურების ერთერთი მთავარი პრობლემა მაგისტრალის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახლების მეპატრონეების უკმაყოფილებაც არის. მათი თქმით სახლები ავარიულ მდგომარეობაშია, ხოლო სამინისტრო ნაცვლად იმისა რომ რეაგირება მოახდინოს პრობლემას იგნორირებას უკეთებს. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ "ინფო რუსთავთან" იმ პრობლემაზე ისაუბრა, რომელიც რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობას ახლავს.

"ჩვენ ვპროგრესირებთ პრობლემის მოგვარების მიმართულებით. გეოგრაფიული განაწილებით არის ორი ტიპის დასახლება, რომელიც გზასთან არის ახლოს. ამ კუთხით კონსულტაციები მიმდინარეობს. რაც შეეხება სიახლოვეს არსებობს კონკრეტული სტანდარტები. საჭირო თუ გახდა ჩატარდება ხმაურის დახშობის, განსახლების  ღონისძიებები. განსახლების საკითხი იყო ის მთავარი პრობლემა რის გამოც ვერ მოხერხდა პროექტის დროულად განხორციელება", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფონიჭალის მოსახლეობამ ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით არაერთი აქცია გამართა.