საქართველოს მთავრობის განცხადება

2018-12-11 14:44:27

მთავრობა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოსახლეობას აფრთხილებს.

"ამ დროისთვის, სოციალურ ქსელსა და ინტერნეტში შექმნილია რამდენიმე გვერდი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის სარეკლამო ინფორმაციები, ამიტომ თხოვნაა, პრობლემური სესხების მფლობელებმა ყურადღება მიაქციონ, რომ სესხების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ და მხოლოდ პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე vali.ge", - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის 407 ათასზე მეტი მსესხებლისა და 679 ათასზე მეტი სასესხო ჩანაწერის შესახებაა ინფორმაცია ატვირთული. ამ სასესხო დავალიანების მთლიანი მოცულობა შეადგენს 3 მილიარდ ლარზე მეტს.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დავალიანების განულების ინიციატივის შესახებ 19 ნოემბერს განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სესხების განულების პროექტი დაპირებისამებრ 15 დეკემბერს დაიწყება.