"ბანძაში განძი იპოვეს"

2018-12-11 00:06:06

მარტვილის სოფელ ბანძაში მესაფლავეებმა განძი იპოვეს.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთმა  ოჯახმა მესაფლავეები საფლავის გასათხრელად  დაიქირავა. გათხრის დროს ერთ-ერმა მათგანმა ოქროს და ვერცხლით სავსე ქოთანი იპოვა. მესაფლავეებს ოქროულობის გაყოფის დროს შელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდგომაც გადაწყვიტეს, რომ აღნიშნული განძი ქუთაისის ერთ-ერთ ოქროს ჩამბარებელ პუნქტში მიეტანათ, სადაც გაყიდულ ოქროულობაში დაახლოებით 11 000 ლარი გადაუხადეს. 

"პოლიციის სამძებრო სამუშაოების შედეგად ამოღებულია ოქროს გარკვეული ნაწილი. ეს არ არის ერთი დროის ქრონოლოგიის კოლექცია. საქმე გვაქვს სხვადასხვა პერიოდის მონეტებთან, რომელიც ჩამალულია სავარაუდოდ რამდენიმე ათეული წლის წინ. ყველაზე ადრეული მონეტა VII საუკუნით თარიღდება. ამ ეტაპზე  ზურმუხტის 4 ქვა, 16-მდე  როგორც ოქროს, ასევე ვერცხლის მონეტები არის ნაპოვნი. ყველა მათგანი დახვრეტილია და მეორადი გამოყენებისთვის არის განკუთვნილი. ზერელე დათვლებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საფლავის გათხრისას ადგილზე 45-მდე მონეტა უნდა ყოფილიყო," - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ლომიტაშვილმა.

არსებობს ინფორმაცია, რომ გაყიდული ოქროულობის ნაწილი გადაადნეს, თუმცა ეს ფაქტი ოფიციალურად არ დასტურდება.

სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და საქმეს სამეგრელოს პოლიცია აწარმოებს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის ფარულად დაუფლებას გულისხმობს.